Friday, October 26, 2012

შარშან ამ დროს..


შარშან ამ დროს მე გრძელი თმა მქონდა, მე ვიყავი ის საყვარელი თოჯინა, რომელიც საკუთარი ხასიათებიდან გამომდინარე აღიმებდა სილუეტებს. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც იწყებდა რაღაც კარგს, მაგრამ ვიღაცამ სული შეუბერა "კარგი ამბების" დასტიდან ამოღებულ კარტებს და ყველაფერი დაანგრია. იდეალური არაფერი გამომდის, მით უმეტეს, მარადიული. შარშან ამ დროს ციოდა, ჩვენ უკვე თბილი ქურთუკებით დავდიოდით და გვციოდა.
შარშან ამ დროს ვივსებოდი. დიახ, ვივსებოდი იმით, რაც მონატრებული მქონდა დიდი დროითი რღვევის შემდგომ. ვისვებოდი, მავსებდა, ვივსებოდი, მავსებდა და ასე გრძელდებოდა...შარშან ამ დროს ვღებულობდი სიტყვების კონებს.. ჰაჰ, მაოცებდა და თვალები ბრწყინავდა იმ ყველაფრის აღქმით, რომელიც ამ სიტყვებით შეკრულ წინადადებებში იყო. შარშან ამ დროს მაღვიძებდნენ, ჩემს ძილში დაძრწოდნენ და არ მასვენებდნენ. მეც, რა თქმა უნდა, ბუნებრივად ვბრაზობდი და რეალურად ვტკბებოდი.
შარშან ამ დროს თავს ვაძლევდი იმის უფლებას, რომ რაღაც მომეთხოვა, რაღაც მიმეღო და ამით მესიამოვნა.
შარშან ამ დროს ჩემი სილუეტები ისეთები იყვნენ, როგორებიც ახლა არიან ჩემს ფიქრებში დარჩენილები. შარშან ამ დროს ნეტავ შემძლებოდა ყველაფრის გაჩერება. უფრო კონკრეტულად კი იმის, რაც ცვალებადია. კი, კი, ნამდვილად ცვალებადი - ა დ ა მ ი ა ნ ი ! შარშან ამ დროს ეიფორიაში ვიყავი....
შარშან ამ დროს დღევანდელობიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ არც იყო იმიტომ, რომ ამას დღეს ვამბობ. შარშანაც მწყინდა ის, რაც ახლა და საერთოდ, ყოველთვის მწყინს. შარშან ამ დროს მე მინდოდა ვყოფილიყავით იმ რეალობაში, რომელსაც ჰქმნიდი შენი გრძელი თითებით.
გამთბარ სხეულზე ცივი თითები, მათი შეხება და მერე გაჩუმება. სათქმელი მეკარგებოდა და სანამ ვიპოვნიდი სილუეტი თამაშის ახალ და ახალ ეტაპზე გადადიოდა. ჰაჰ, ჰო.. მან ეს არ იცოდა, იმიტომ, რომ ეტაპებს მე ვქმნიდი და ვაკონტროლებდი.მე შემეძლო მათი დაწინაურება და გადაყვანა ახალ ეტაპზე, რასაც დაუფიქრებლად ვაკეთებდი. შარშან.. შარშან.. ვთბებოდი სიცივეში, ხოლო სითბოში მავიწყდებოდა ყველაფერი. შარშან ამ დროს დილამ იცოდა თავისი საქმე, ღამეც არ აკლებდა და მანებივრებდნენ სამივე, ხოლო შუადღეს ჩემს სამყაროში ვიყავი, სამივესგან შორს. მიწევდა სიარული, ნაბიჯებზე ფეხის აყოლა-ადევნება, რომ ეს პატარა ნაფეხურები დაწეოდა იმას, რაც დიდი იყო და დღემდე დიდია. შარშან შემეძლო პირისპირ დგომა ადამიანებთან და თვალებში მეყურა, მეფიქრა, მეღიმა.
წელს ყველაფერი ერთფეროვანია, მე შემიძლია გაფერადება გამრავალფეროვნების მიზნით, მაგრამ ის შიში, რომლითაც ვთვლი, რომ ყველაფერს დავკარგავ, ყველა მოგონებას, ფაქტებს, მოქმედებებს, ღიმილს, შეგრძნებებს, შეხებებს თითქოს არ მაძლევს ამის საშუალებას. ანდა, ყველაფრის საშუალება მაქვს, უბრალოდ არ ვარ მზად და ურეაქციოდ ვალაგებ გვერდზე ამ ჯერ-ჯერობით უცნობ სილუეტებს ნაცნობი ფაქტებით.

No comments:

Post a Comment